- მარტი 01, 2026
კაია კალასი: გავაგრძელებთ საქართველოს მოსახლეობის გვერდში დგომას
- დეკემბერი 17, 2024
- , პოლიტიკა
„დემოკრატიები არ ახშობენ ოპოზიციის ხმებს და არ ზღუდავენ მედიის თავისუფლებას“,_ ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდგომ ჩატარებულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. "მესამე იყო საქართველოს საკითხი. საქართველოს მოსახლეობისთვის სიტუაცია პოზიტიური მიმართულებით არ ვითარდება. დემოკრატიები არ ახშობენ ოპოზიციის ხმებს და არ ზღუდავენ მედიის თავისუფლებას. საპასუხოდ, ჩვენ დავაქვეითეთ პოლიტიკური კონტაქტების დონე და შევწყვიტეთ საქართველოს მთავრობის დაფინანსება. დღეს ჩვენ შევთანხმდით დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების აუცილებლობაზე და ევროკომისია წინადადებას უკვე წელს წარადგენს. ასევე განვიხილეთ საქართველოს მაღალჩინოსნების დასანქცირება, რომლებიც მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის უკან დგანან. ასევე გავაგრძელებთ საქართველოს მოსახლეობის გვერდში დგომას, მათ შორის დაფინანსების გადამისამართებით ხელისუფლებიდან სამოქალაქო საზოგადოებაზე, საქართველოს მოსახლეობასა და დამოუკიდებელ მედიაზე. იმიტომ, რომ საქართველოს მომავალი, მისი ხალხისთვისაა და საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტია, როგორი იქნება ის",_ განაცხადა კაია კალასმა. ინფორმაციისთვის, გუშინ მიღწეული იქნა შეთანხმება დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების თაობაზე. ევროკომისია ამ წინადადებას უკვე წელს წარადგენს. ინფორმაციისთვის, კაია კალასის განცხადების ტექსტს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.