შაბათი, ივნისი 06, 2026

ახალი თხილი ერთი კილოგრამი 2,80 ლარი ღირს: „გვიკვირს ეს ფასი ოზურგეთში“


ახალი თხილი ერთი კილოგრამი 2,80 ლარი ღირს: „გვიკვირს ეს ფასი ოზურგეთში“

დღეს, დილიდან, ოზურგეთში, თხილის ჩასაბარებელი ფასი 2,80 ლარია. ზოგან 2,70 ლარად იბარებენ. სოფლიდან ჩამოსული ადამიანები შედარებით მაღალ ფასად ჩაბარებას ცდილობენ და თხილის მიმღებ პუნქტებში, ვიდრე ჩააბარებდნენ, ფასს კითხულობენ. _ორ-სამ დღეში, შესაძლოა, ხვალაც, სამ ლარად ჩაიბარონ. ძალიან გვიკვირს, რომ ახლა ეს ფასი აქვს ახალ თხილს. გასაკვირი კი არაფერია, თუმცა ბოლო 5-6 წლის მანძილზე მაინც, ამ დროს ეს ფასი არ ყოფილა. ამბობენ, თურქეთი არეგულირებს ფასს და მაინც კარგია. ისე კი , ორჯერ მეტიც რომ ღირდეს, გასაკვირი რაა? შეხედეთ ფასებს, _ გვეუბნება ქალბატონი ლელა ლომჯარია, რომელმაც ათი კილოგრამი თხილი ჩააბარა და თან გვითხრა, ორი დღეა, ვარჩევთ მტელი ოჯახი. კარგად არ შორდება ქეჩხოს, ძალიან ნედლიაო. _საგანგებოდ შენახული შარშანდელი თხილი, ამ გაზაფხულზე სამ ლარად ჩამაბარებინეს ერთი კილოგრამი. არ ჰქონდა მეტი ფასი. თუ მისაღები ფასი გაიზრდება, მაგას რა სჯობს. მიზეზებზე ვერაფერს გეტყვით. ბაზარია, თან უამრავი პრობლემა არსებობს, - გვითხრა ცნობილმა ფერმერმა აკაკი ღლონტმა. როგორც თხილის მიმღებ პუნქტებში მომუშავე ოპერატორები ამბობენ, ფასი სწრაფად იზრდება. ამ დღეებში , შესაძლოა სამ ლარსაც გადააჭარბოს. აღსანიშნავია, რომ ჯერ თხილს გატეხვის და არსებული პრიმიტიული გამოანგარიშების გარეშე იბარებენ. ვრცლად თხილის ფასის და არსებული პრობლემების შესახებ, მალე გიამბობთ „გურია ნიუსში“. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია