- ნოემბერი 04, 2023
ნიაზ დიასამიძის „ფოკუსი“
- ივნისი 26, 2022
- , ფინანსები
ნიაზ დიასამიძე ვერის მშვენება და ძმაკაცების სული და გული. ქართლოს კასრაძე – მისი განუყრელ-განუყოფელი ძმა და მეგობარი, მოგვიანებით – ნოდარა (დუმბაძე), ზაურა (ბოლქვაძე), ლორთქია და ასე შემდეგ... მოკლედ, თბილისი პატარა, კოპწია და კოხტა საძმაკაცო იყო. ძმაკაცური ტრადიციების ღირსეულ დამცველებს მუდამ აკლდათ ერთი რამ – საქეიფო ფული. იმხანად ვერაზე ერთი კარგი პურისსაჭმელი დაწესებულება იყო – „ობლები“. ისტორია ამ სახელწოდების შესახებ გარკვეულად არაფერს გვეუბნება, მაგრამ, მაშინ შეარქვეს ბიჭებმა – ალბათ, ასე იყო საჭირო. კარგ პურისმჭამელ შანტრაბას კი „რჩენა“ უნდოდა. მოქეიფე დარდიმანდებს ხან რა შანსი გამოუჩნდებოდათ, ხან – რა და უკმაყოფილონი სახლში არასდროს წასულან, ღმერთი, ბედი და ყისმათი ყოველთვის მათ მხარეს იყო. კარგი მოშუადღევებულია. შანტრაბა ვარიანტს ეძებს. – ვიცი! – თქვა მოულოდნელად ნიაზ დიასამიძემ – იუმორის ამ უბადლო ოსტატმა. – რა? – დაინტერესდნენ ქეიფის საღერღელაშლილი ამფსონები. – რა მელიქო? – „ობლები“! „ობლების“ ოფიციანტი! – შენც თქვი, რა!.. მაგისი 120 მანეთი ვალი გვაქვს, რაღას გვენდობა!.. მელიქო ერთი წუწურაქი ვინმე გახლდათ. ბიჭებს რომ აქეიფებდა, 20 პროცენტსაც წაუმატებდა ხოლმე. – მოიცათ, მაგ წურბელას მე მოვუვლი! – დაიქადნა ნიაზმა. ნელ-ნელა, თბილისურ-ვერულად, ათრეული ნაბიჯებით მიჰყვნენ ქეიფსმოწყურებული ამფსონები წინ მიმავალ ნიაზს. ამ „ევროპულ“ სასადილოში თუ რესტორანში სიიაფის გამო მუდამ ხალხმრავლობა იყო. კუთხეში კი გაბწკრიალებული, თეთრსუფრაგადაფარებული მაგიდა იდგა ხელშეუხებლად (მდიდარი მუშტრისთვის). – მელიქოჯან! ერთი 8 ბოთლი, თავისი მოწყობილობით! – შეაპარა ნიაზმა. – აპა-პა-პა!!! ჯერ ვალი მომიტანეთ, გენაცვათ! – გაასავსავა ხელები ოფიციანტმა, – ჯერ ძველი... ჰაა! ეგრე სად არი, ძმაოჯან!!! – იქნება, მელიქოჯან, იქნება! ნიაზმა უკანდახევა არ იცოდა: – მელიქოჯან, ფოკუსი გასწავლო? – ფოკუზს ახლა შენ უჟე მიკეთებ! – არა, მაიცა... ხო გინდა? (იცოდა ნიაზმა მელიქოს სისუსტე – ფოკუსები ევასებოდა). – ვთქვათ, მინდა... მერე? – ინგლისელმა ცირკაჩმა მასწავლა, ტო! – გაამძაფრა სიტუაცია ნიაზმა, – ჰამაც, გასწავლი. მაგარი რამეა, ჩემმა მზემ. მელიქო დაინტრიგდა: – ჰა, მაინც, რა? – შენ ახლა 8 ბოთლი, რა, თავისი რამეებით... მერე გასწავლი. აქ არ ვარ, კაცო?! – ფოკუსი რაშია? – წამოეგო ცირკის ღიპიანი თაყვანისმცემელი. – აი, მაგარი სამთავრობო მაგიდა როა, გადააძრე სუფრა და ოთხად გაკეცე... – ვაა, მერე?! – ხელები დაიფშვნიტა ოფიციანტმა და მარცხენა ყური გაეზარდა... – მერე კუთხეები მაკრატლით – ხომ გაქვს? – მიაჭერი და მე გავამთელებ... – რა მაგარი ხარ... ვაიდა, ვერ გაამთელო? თანაც, წუხელ მაგრად ვივახშმე, – არ დაიბნა მელიქო და ცნობილი ეპიზოდი გაიხსენა „ბაში-აჩუკიდან“. – შენ მიდი... აქ არ ვარ? არ გვიცნობ თუ რა?! მიდი, ჰაა, მაიტა სუფრა! მელიქოს ცირკის სიყვარულმა სძლია. დაითრია სუფრა და, რაც ნიაზმა უთხრა, ზედმიწევნით გულმოდგინედ შეასრულა: სუფრა აიღო, გაკეცა, მაკრატლით მიადგა და დედა უტირა – მოჭრა და მოჭრა. – ახლა გაამთელე! – ეუბნება ნიაზს... – ვა, შენ რა მაგარი ხარ... ჯერ გვიკისრე, ტო... ეგრე სადაა, ეეე! ხუთ წუთში სუფრა გაიშალა. გვიანამდე გრიალებდნენ ბიჭები. ყოველ ოც წუთში მელიქო მოქეიფეებს მოაკითხავდა: – ვა, ნიაზჯან... შენ ეხლა რამე შარში არ გამხვიო, ტო! – აბა, გეკადრება? – სუფრა უჯრაში მაქვს, დაჭრილი, რამე... ხომ გაამთელებ? მთავრობა რომ მოვიდეს, ეგაა, ჩავიჭრები, რა, ნიაზჯან! დამღუპავთ, ბ**ი ვიყო! – ფიქრი ნუ გაქვს... ბ**ი მაინც ხარ... მა ქალიშვილი ხო არა?! – გაუადვილა... ღამის პირველ საათზე, ბიჭები რომ ჯგუფურად ეხვევიან ერთმანეთს, მელიქომ დანაკუწებული „სტოლსაფარი“ მოიტანა. – გამიმთელე ახლა, რა, ნიაზ, ძმაო... პირობა პირობაა... – ოოხ! – მოულოდნელად დასერიოზულდა დიასამიძე, – ეს ინგლისელი ცირკაჩები, ვაბშე, სანდოები არ არიან, ტო! – ვა, მითომ რატომ? – გადაირია ავის მოლოდინში ოფიციანტი. – სუფრის დაჭრა მასწავლა, გამთელება კი იმასაც დაავიწყდა და მეც, ტო! მაგრამ, შენ ნუ გეშინია, ვერცხლის ქუჩაზე პარტნოი ამირანას ვიცნობ, ერთი 8 ბოთლიც იკისრე და ისე გაკერავს, ვაბშე არ შეეტყობა... ...ხვალ რა მოვიფიქროთ?! – ეკითხება ნიაზას აბანცალებული ქართლოსა. მელიქო იქვე ჩაიკეცა... [simple-author-box]