შაბათი, ივნისი 06, 2026

საქართველოში რუსების ორგანიზებით წიგნების ქურდების ტრანსსასაზღვრო ჯგუფი მოქმედებს – ერთ-ერთი წევრი ლიეტუვამ გაასამართლა


საქართველოში რუსების ორგანიზებით წიგნების ქურდების ტრანსსასაზღვრო ჯგუფი მოქმედებს – ერთ-ერთი წევრი ლიეტუვამ გაასამართლა

ლიეტუვის სასამართლომ საქართველოს მოქალაქე მიხეილ ზამთარაძეს რუსული კლასიკის იშვიათი გამოცემების ქურდობისთვის სასჯელი გამოუტანა. მას, ორგანიზებული ჯგუფის ფარგლებში, 606.000 ევროს ღირებულების მე-19 საუკუნის მაღალი კულტურულ-ისტორიული ღირებულების გამოცემების მოპარვაში ადანაშაულებენ. ინფორმაციას სააგენტო France-Presse ავრცელებს. მოსამართლე მინდაუგას რაზანსკასმა ვილნიუსის საოლქო საქალაქო სასამართლოში მედიას განუცხადა, რომ მიხეილ ზამთარაძეს 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. პროკურატურა ამტკიცებს, რომ დამნაშავე ლიეტუვაში, პოლონეთში, საფრანგეთში, შვეიცარიასა და საქართველოში მოქმედი ჯგუფის შემადგენლობაში მუშაობდა. მიხეილ ზამთარაძე ბელგიაში 2023 წელს დააკავეს და იმავე წელს მოხდა მისი ლიეტუვაში ექსტრადირება. მსჯავრდებულმა აღიარა, რომ 2023 წლის მაისში ვილნიუსის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან 17 წიგნი, მათ შორის, ალექსანდრე პუშკინისა და ნიკოლაი გოგოლის გამოცემები მოიპარა. ლიეტუვის მედიის ცნობით, აპრილში გამართულ სასამართლო სხდომაზე ზამთარაძემ განაცხადა, რომ ქურდობა მოსკოვის აუქციონის სახლის თანამშრომელმა შეუკვეთა, რომელმაც მას უნივერსიტეტში ჩასარიცხად ყალბი პირადობის მოწმობა, ხოლო ორიგინალების ჩასანაცვლებლად ყალბი წიგნები გადასცა. ზამთარაძის თქმით, წიგნები ბელარუსის გავლით კონტრაბანდულად გადაიტანა, ხოლო ოპერაციისთვის კრიპტოვალუტის სახით 30.000 ევრო მიიღო.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია